რუსთავის ტერიტორიაზე ადამინი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი. უფრო დიდი დასახლებები ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა ამ პერიოდის რამდენიმე მსხვილი დასახლება. რკინისა და ბრინჯაოს ხანაში რუსთაველებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბოსტნეული, მისდევდნენ მევენახეობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. განვითარებული იყო მეთუნეობა, მეთუნეობა. განსაკუტრებით დახელოვნებულნი იყვნენ ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიაში.
ქალაქის წლოვანება
რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქართლის ცხოვრების უძველესი ავტორი ლეონტი მროველი ქალაქ რუსთავის მშენებლობას ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლსმიაწერს: ”ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.” მანვე სიკვდილის შემდეგ მამული გაუნაწილა შვილებს: მცხეთოსს, გარდაბოსს, კუხოსს, კახოსს, გაჩიოსს. კუხოსს კი წილად ხვდა კუხეთი და ქალაქი რუსთავი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს არქეოლოგიური მონაცემები, რომლის თანახმად, რუსთავში ბრინჯაოს ხანაში ძლიერი სამოსახლო არსებობდა. არსებობს ლეონტი მროველის მეორე ცნობაც, რომ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას დახვედრია ქალაქები: დიდი მცხეთა, ურბნისი, უფლისციხე, სარკინე, რუსთავი და სხვა. ამიტომ ძვ.წ. IV საუკუნეში რუსთავი უკვე ქალაქია.
ძველი რუსთავის მნიშვნელობა
იალღუჯის მთის სანატორიუმები
სამწუხაროდ რუსთავი არქეოლოგიურად სრულფასოვნად არაა შესწავლილი, მაგრამ მიუხედავად არქეოლოგიური მასალის სიმცირისა, რუსთავში არცთუ სუსტი კულტურული ფენებია დადასტურებული. იალღუჯას მთაზე, სანატორიუმების საძირკვლის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა ძვ. წ. IV - II საუკუნეების ნამოსახლარი. ანტიკური ხანის რუსთავი, დიდი მცხეთისა და ამ პერიოდი სხვა ქალაქების მსგავსად ერთმანეთისგან მეტნაკლებად დაცილებული უბნებისაგან შედგებოდა, ხოლო იალღუჯის მთაზე აღმოჩენილი ნამოსახლარი იყო პოლიტიკური ცენტრი. რუსთავს ანტიკურ ხანაში სავაჭრო ფუნქციაც ჰქონდა. იალღუჯის მთის ჩრდილო აღმოსავლეთ ფერდობზე იყრიდა თავს საქარავნო-სავაჭრო გზები:
- აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთისკენ მიმავალი აბრეშუმის გზა
- სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ
- სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.
ეს გზები დღესაც მოქმედებს და აზერბაიჯანისკენ მიმავალ უმოკლეს გზას წარმოდგენს.
სახელწოდება
რუსთავის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროს ჩნდება ქალაქის ვრცელი და ინტენსიური უბნები, რომლებიც ქალაქის ციხეს ეკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ად სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ისტორიული წყაროები, ქართლის ცხოვრება, მოქცევაჲ ქართლისაჲ და სხვა, რუსთავში ახალი მშენებლობის წამოწყებას უკავშირებენ ქართლის მეფის, თრდატ რევის ძის სახელს. თრდატ რევის ძე ქართლის სამეფო ტახტზე ასვლამდე განაგებდა კუხეთს და იწოდებოდა კუხეთისა და რუსთავის ერისთავად. IV საუკუნის შუა წლებიდან რუსთავი იქცა რევიანთა რეზიდენციად, უფლისწულთა ქალაქად ანუ ვოსტან ქალაქად. ”ვოსტან” ირანული წარმოშობის სიტყვა და უფლისწულისთვის გამოყოფილ მამულს ნიშნავს. რუსთავს ვოსტან-ქალაქი ანუ ბოსტან-ქალაქი მთელი ადრეული შუა საუკუნეებისმანძილზე ერქვა. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში უკვე გამეფებულმა თრდატ რევის ძემ, ბოსტან-ქალაქში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანა სარწყავი არხი, ანუ რუ. სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა მეორე სახელწოდება - რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე. ამ სახელს ქალაქი ვოსტან-ქალაქის პარალელურად VI საუკუნიდან ატარებდა. IX საუკუნიდან კი რუსთავი რევიანთა საუფლისწულო ქალაქი აღარ არის და ამიტომ მას რჩება მხოლოდ სახელი რუსთავი. გვიან შუა საუკუნეებში რუსთავს წერილობითი წყაროები უწოდებენ ნაგებს. ეს სიტყვა შეიძლებ ორნაირად განვმარტოთ:
- სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეს არის (სავარაუდოდ) არაბული სიტყვა და სამხრეთს ნიშნავს. რუსთავი თბილისის სამხრეთით მდებარეობდა და შესაძლოა სწორედ ამიტომ დაერქვა ქალაქს ნაგები;
- ნაგები შეიძლება ნიშნავდეს ძველად აგებულს, აშენებულს.
რუსთავი XII-XIII საუკუნეებში
XII-XIII საუკუნეებში რუსთავში საქალაქო ცხოვრებამ განვითარების უმარლეს საფეხურს მიაღწია. ქალაქში ყვაოდა ხელოსნობის ისეთი დარგები როგორიცაა კერამიკის , მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. რუსთაველი ხელოსნების მიერ დამზადებული ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. რუსთავი იმავ დროს ჩართული იყო მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო გზების ქსელში. XIII საუკუნეში, ქათლში, მონღოლთა შემოსევები საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავითვის. 1265 წლის ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად, აღდგომა დღეს რუსთავმა არსებობა შეწყვიტა.
რუსთავის ციხის ნამდვილი სახელი
რუსთავის განადგურების შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევები გადარჩა. გასულ საუკუნეში აქ არაქართული მოსახლეობა ცხოვროდა, რომელიც ციხეს რიშ-ყალას ეძახდა. რუსთავს რიშად მოხსენიებს ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც. რიშა ქართული რუსთავის დამახინჯებული ვარიანტია. XX საუკუნის 20-იან წლებში ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი სახელი დაუმკვიდრდა - არიშის ციხე. ეს სახელი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევიდან - რუსთაველიანა, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების - არიშიანების საგვარეულო ციხედ მიიჩნია და მას არიშის ციხე უწოდა. ეს მოსაზრება თავიდანვე უარყვეს იმდროინდელმა ისტრიკოსებმა. რუსთავი ყოველთვის კახეთ-კუხეთის განუყოფელი ნაწილი იყო და არასოდეს შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში. ყველა ისტორიულ წყაროში ციხე მოხსენიებულია, როგორც რუსთავის ციხე-ქალაქი, ან რუსთავის ციხე. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში რომელშიც არის ფრესკები.
რუსთაველთა საგვარეულო
VIII საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებობდა რუვისთაველთა ანუ რუსთაველთა ფეოდალური საგვარეულო. ისინი ფლობდნენ კუხეთსა და რუსთავს და ამიტომაც იწოდებოდნენ რუსთაველებად. აკადემიკოსმა ზ.ალექსიზემ გამოთქვა მოსაზრება, რომ XII-XIII საუკუნეების პოეტი შოთა რუსთაველი, შესაძლოა, ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
რუსთავის აღდგენა
რუსთავი, როგორც ქალაქი, განადგურდა 1265 წელს მონღოლების შემოსევის შედეგად. XX საუკუნის ორმოციან წლებამდე ოდესღაც აყვავებულ ქალაქისაგან მხოლოდ ქალაქის ციხის ნანგრევებმა მოაღწია. 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა. თითქმის მაშინვე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქალაქის მშენებლობას. 1948 წლის 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო.
ქალაქის მმართველობა
ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა ქალაქის საკრებულო (თავმჯდომარე - მამუკა ჩიქოვანი), ხოლო აღმასრულებელო ორგანო - მერია (ქალაქის მერი - დავით ნადაშვილი).
ეკონომიკა
რუსთავის მეტალურგიული კომბინატი
რუსთავი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ცენტრი იყო: აქ ფუნქციონირებდა 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო, მათ შორის: მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმბოჭკოს, ცემენტის, ამწემშენებელი ქარხნები, ს.ს. ლითონკონსტრუქცია და სხვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის შედეგად მრავალი საწარმო გაკოტრების პირას დადგა. 2004-06 წლებში განხორციელდა სახელმწიფო ქონების ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია, რომელშიც ნაწილობრივ რუსთავის საწარმოებიც მოექცა.
სოციალური მდგომარეობა
ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად მაღალი უმუშევრობის დონის გამო რუსთავში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. გაჩერებული მსხვილი საწარმოებიდან გამოთავისუფლებული მუშა-ხელი სხვა სფეროებში დასაქმებას ვერ ახერხებს, რამაც ქალაქიდან კვალიფიცირებული მუშახელის მასიური მიგრაცია განაპირობა. დარჩენილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოვანი ეკონომიკის (დაუბეგრავი/აღურიცხავი მცირე სამეწარმეო საქმიანობა) ხარჯზე ცხოვრობს.
კულტურა
ქალაქში 32 სახელმწიფო და 10 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 5 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 3 უმაღლესი სასწავლებელი. აქ ფუნქციონირებს 13 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (რუსთავის თეატრი), 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის), ფოლკლორული ანსამბლები, მათ შორის ანსამბლი “რუსთავი”. ქალაქში რეგულარულად ტარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “ოქროს ნიღაბი”, იმართება სახალხო ზეიმი “რუსთავქალაქობა”. რუსთავიდან მაუწყებლობს ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია, გამოდის რამდენიმე გაზეთი
|